27 ნოემბერი 2020,   16:02
ვრცლად
პოლიტიკური ხაფანგი - აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიწვიოს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი დილემის წინაშე დგას - ოპოზიცია და მმართველი ძალა ისევ სხვადასხვაგვარად კითხულობენ კონსტიტუციას, ისევ არ წყდება დავა საკითხზე, თუ რისი უფლება აქვს პრეზიდენტს და რისი - არა. ამჯერად დავის მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეა, რომლის იუსტიციის საბჭოდან გაწვევის საკითხი ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

თავად ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისი იუსტიციის საბჭოდან გაწვევა, შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველიც კი გახდეს. ანა დოლიძის განმარტებით, თუ პრეზიდენტი მას საბჭოს წევრობიდან გაიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს.

დოლიძე აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უამრავი გადაუწყვეტელი საქმე აქვს, მაინც ახერხებს იმსჯელოს მის ჩამოშორებაზე.

დოლიძე კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეყრდნობა, რომელიც პრეზიდენტს საბჭოში წევრის წარდგენის უფლებას აძლევს, მის გამოწვევაზე კი, სხვა თანამდებობისგან განსხვავებით, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.

"კურიერმა" განმარტებები ამ  საკითხზე "კონსტიტუციონალისტებს" სთხოვა. ისინი აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი, რომლებიც დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს ეყრდნობიან, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან წევრის გამოწვევის პროცედურებს განმარტავს. თუმცა, მათივე თქმით, სახელმძღვანელო კონსტიტუცია უნდა იყოს, კანონი კი ჩასასწორებელია.

განსხვავებულად კითხულობენ კონსტიტუციას მმართველ გუნდში. საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს განმარტავდნენ, რომ სწორედ უზენაესი კანონი აძლევდა პრეზიდენტს წევრის უკან გამოწვევის უფლებას. თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი შეფასებებისას იმასაც აზუსტებს, რომ დოლიძის გამოწვევას არ მიესალმება და ამ პროცესის შესრულებამ, შესაძლოა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს.

ოპოზიცია დოლიძის პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ზურაბიშვილს ანა დოლიძის გაწვევის უფლება არ აქვს.

პარლამენტის კვოტით წარდგენილი კანდიდატების საბჭოდან გამოწვევის საკითხზე განაახლეს საუბარი დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც, ისინი მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანომაც უნდა გაიზიაროს იმის გამო, რომ მათმა კანდიდატებმა ნდობა ვერ გაამართლეს და ნაწილმა მოსამართლეთა სკანდალურ ათკაციან სიას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებელი დეპუტატები ინიციტიავაზე უკვე მსჯელობენ, რაც შეეხება პრეზიდენტს, ის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. 

დღის ამბები