27 ნოემბერი 2020,   16:13
ვრცლად
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს უზრუნველყოს ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა და კინოჩვენებაზე დამსწრეთა უსაფრთხოება

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გატარდეს პრევენციული ღონისძიებები "ქართული მარშის" მიერ კინოფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებისას თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ, როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

"აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,"- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

დღის ამბები