27 ნოემბერი 2020,   14:48
ვრცლად
ბიზნესმენის გატაცება და ქონების გამოძალვა - სასამართლომ უდესიანს პატიმრობა, მის სიძეს კი 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მის სიძეს ზაზა გუგავას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  უდესიანს ახალი ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. საქმე ეხება 10  წლის წინ ბიზნესმენის გატაცებას, რომელსაც ქონება ძალადობით გადააფორმებინეს. საქმეში ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანიც. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

"ერთი თეთრი არ დააკლო გირაოს ნაწილში ბატონ ზაზას, ხოლო გია უდესიანის ნაწილში, როდესაც ჩვენ მას ავუხსენით და ვუმტკიცებდით ამ სასამართლოს პრაქტიკასვე, რომ ადამიანს, როდესაც ერთხელ უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა, მეორედ მის მიმართ პატიმრობა არ გამოიყენება, აღმოჩნდა, რომ უდესიანის შემთხვევაში აქ მიდგომებიც იცვლება. ჩვენ არც გვქონია მოლოდინი, ამ სასამართლოს პირობებში როგორ უნდა გვქონდეს რაიმე სამართლიანობის განცდა, ესენი უბრალოდ ასრულებენ იმას, რასაც ითხოვს ხელისუფლება და პოლიტიკური პროკურატურა," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

გია უდესიანისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ზაზა გუგავა სასამართლო პროცესს ესწრებოდა. გუგავა ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებს.

გია უდესიანის და ინგა უდესიანი მიმდინარე პროცესს ამაზრზენ სპექტაკლს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რის გამოც ის იძულებული გახდება ოჯახთან ერთად პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

პროკურორის თქმით, მოწმის ჩვენებით ცხადი გახდა, რომ არამხოლოდ გამოძალვას, არამედ უკანონო ზემოქმედებით ქონების შესყიდვასაც ჰქონდა ადგილი. პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, არარელევანტურია დაცვის მხარის განცხადება, რომ ბრალდებას მტკიცებულებები არ აქვს.

პროკურატურის ინფორმაციით, გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით.

დღის ამბები