19 ივნისი 2021,   18:48
ვრცლად
ონკოლოგიური ცენტრის პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი და ცარიელი საავადმყოფო. კლინიკა, სადაც 400-მდე ექიმი მუშაობს, პაციენტის გარეშეა დარჩენილი. ონკოლოგიურ ცენტრში მხოლოდ 12 პაციენტს უვლიან, თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია.

დაბალია მედპერსონალის ანაზღაურება.  სანიტარს 250, ექთანს 400, ხოლო უფროს ექიმს ხელფასი პაციენტის რაოდენობის მიხედვით ერიცხება, რაც ხშირ შემთხვევაში 200 ლარს არ აღემატება. ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა არსებული პირობები დღეს აქციით გააპროტესტეს და 7 თვის აუღებელი ხელფასი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოითხოვეს, მათი ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფო ირიცხება.

კლინიკის დირექტორი თანამშრომლების პრეტენზიებს არ იზიარებს. მამუკა გელოვანი  კლინიკაში არსებული პირობების გამო წუხს, თუმცა ამბობს, რომ პერსონალს მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება აქვს ასაღები, თანხის ჩარიცხვა კი მათთვის ეტაპობრივად განხორციელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, ხელფასების გაცემის თაობაზე დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებათ.

საპარტნიორო ფონდი საავადმყოფოს შენობის გრძელვადიანი იჯარით გაცემას გეგმავს. კლინიკების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი უკვე შემუშავებულია - რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეიქმნება მრავალპროფილური კლინიკა, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრი ისევ ადგილზე დარჩება.

ონკოლოგიური საავადმყოფო მრავალი წელია ასეთ მდგომარეობაშია. ონკოლოგიური ცენტრის ექიმები პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების პრობლემის მოგვარებას პირველად არ ითხოვენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება მედპერსონალი სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს. 

 

ავტორი:ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები