22 იანვარი 2021,   14:03
ვრცლად
ტყვიები, რომელიც კლავს - „კურიერს“ სპეცრაზმელი უდასტურებს, რომ ტყვიები საქართველოში 2018 წლის არჩევნებამდე შემოიტანეს

ტყვიები, რომელიც სიკვდილს იწვევს - ეს გაფრთხილება იმ ტყვიების შეფუთვაზეა დატანილი, რომელიც 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე გამოიყენა. თურქული კომპანია ”სტერლინგის” ოფიციალურ ვებგვერდზე ნარინჯისფერ ტყვიები, რომლიც სპეცრაზმმა ისროლა, სასიკვდილო ტყვიების კატეგორიაშია განთავსებული. ამიტომ კომპანია დაინტერესებულ პირებს მისი გამოყენების ინსტრუქციასაც სთავაზობს და აფრთხილებს, რომ 10 მეტრზე ახლო დისტანციიდან სროლა ლეტალურ შედეგს ან უმძიმეს დაზიანებებს იწვევს.

”კურიერის” ინფორმაციით, სასიკვდილო ტყვიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქეთიდან 2018 წელს შემოიტანა. მათი დიდი ნაწილი კი ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს შენობის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაასაწყობა. ამ ინფორმაციას ”კურიერს“ მოქმედი სპეცრაზმელიც უდასტურებს, რომელიც "რუსთავი 2-ს" ინტერვიუზე კონფიდენციალურობის სრული დაცვით დათანხმდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი, რომელიც დარბევის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, იხსენებს, რომ ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ყაზარმული რეჟიმი 20 ივნისს დღის მეორე ნახევარში გამოცხადდა. მალევე შესაბამისი შეიარაღებით თბილისში წამოსასვლელად ქვედანაყოფმა მზადება დაიწყო, რა დროსაც ხელმღვანელობამ სპეცრაზმელებს ყვითელი ტყვიები დაურიგა, თუმცა ინსტრუქცია მისი გამოყენების შესახებ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებისთვის არავის მიუცია. მოქმედი სპეცრაზმელი, რომელიც ქვედანაყოფში წლებია, მუშაობს აცხადებს, რომ შეიარაღებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მსგავსი ტყვიები არასდროს ჰქონია.

ამ ინფორმაციას ყოფილი სპეცრაზმელებიც ადასტურებენ, მათ შორის ისინიც, რომლებიც 2007 წელს და 2011 წელს რუსთაველის გამზირზე დარბევაში მონაწილეობდნენ. აცხადებენ, რომ ქვედანაყოფი აქციის დასაშლელად შავ რეზინის ტყვიების იყენებდა, რომელიც ლეტალურ შედეგს არ იწვევს.

რატომ შეიძინა ხელისუფლებამ აქციების დასაშლელად სასიკვდილო ტყვიები 2018 წელს, ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ერთი პასუხი აქვს, აცხადებს, რომ შეიარაღება 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძინა.

გიორგი გახარიას ტყუილს თურქული კომპანია ”სტერლინგის ” ვებგვერდზე ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, სადაც წერია, რომ კომპანიამ ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების წარმოება 2013 წელს დაიწყო. როგორ შეიძინეს ის 2012 წელს, კითხვებს გახარია არ პასუხობს. ის მთავრობის ადმინისტრაციიდან დაცვის კორდონით გაიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებაც, რომელმაც მინისტრობის დროს აქციების დასაშლელად ისეთი ტყვიების ან შეიარაღების გამოყენება აკრძალა, რომელიც ლეტალურ შედეგს იწვევს. მღებრიშვილი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ეუხერხულება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები