27 ოქტომბერი 2021,   04:40
ვრცლად
შეუთანხმა თუ არა ბახტაძეს გახარიამ, მომიტინგეების დათვის მოსაგერიებელი ტყვიებით დარბევა - პრემიერმა კითხვაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა

შეუთანხმა თუ არა მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარიამ, რომ ის აპირებდა მომიტინგეების დარბევას დათვის მოსაგერიებელი ტყვიებით? - პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის შეკითხვას კონკრეტულად არ უპასუხა. მამუკა ბახტაძემ ეკა კვესიტაძის შეკითხვაზე, ემორჩილება თუ არა პრემიერს შს მინისტრი, აღნიშნა, რომ ნებისმიერი მინისტრი ბუნებრივია, ემორჩილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მამუკა ბახტაძემ დარბევის გამართლება სცადა და მიზეზად აქციის მონაწილეების აგრესია დაასახელა. მისი თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის დროს პოლიციელებზე ძალადობა მიმდინარეობდა.  მან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დააკისრა. 

მოვლენები იცვლებოდა ელვის სისწრაფით, რამდენიმე შეტევა განხორციელდა ჩვენს პოლიციაზე. თქვენ თუ ობიექტურად აფასებთ, დაინახავდით, რაც ხდებოდა. რამდენიმე შეტევა იყო განხორციელებული, როდესაც პასიური კორდონი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, ვერ აჩერებდა ამ აგრესიას, პოლიცია იძულებული იყო ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. ის, რომ ჩვენი პოლიცია არ გეგმავდა და არც ჰქონდა მსგავსი დავალება მიღებული თვითონ ფაქტით დასტურდება, რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, პოლიცია ძალას არ იყენებდა. პოლიციას აქვს უფლება, პოლიციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მყისიერად, როცა ეს კორდონი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, პოლიციელები სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგა," - განაცხადა ბახტაძემ. 

მისი თქმით, მთავრობაში, ისევე როგორც, პოლიტიკურ გუნდში არავინ "სკამს გამოკერებული არ არის". 

"გირგი გახარიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვღებულობ მე. გიორგის ფასეულობათა სისტემა და მორალი საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ ჩვენს კაბინეტში, ისევე როგორც გუნდში არ გვყავს არცერთ ადამიანი, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა, ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავდა და ადამიანებს, რომლებმაც მოუწოდეს შტურმისკენ და ჩვენი მოქალაქეების ობიექტური და სამართლიანი ემოციები გამოიყენეს. რაც შეეხება გახარიას და შსს-ს საქმიანობას, ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ და ვთანხმდებით საზოგადოებასთან რომ ცალკეული შემთხვევებში ცალკეულ სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებულ გამოყენებას. ჩვენი მიდგომა ეს გახლავთ, რომ მოხდეს ამისი დეტალური ანალიზი და ეს ანალიზი წარვუდგინოთ ქართულ საზოგადოებას. თქვენ გსურთ გიორგი გახარიას დააკისროთ ის პასუხისმგელობა, რაც ეკისრება „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წარმომადგენელს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები