29 ნოემბერი 2020,   21:02
ვრცლად
ტყვიები ნიკა მელიამ დაურიგა სპეცრაზმს თუ ნიკა მელიამ ესროლა მომიტინგეებს თავსა და თვალებში? - ოთარ კახიძე

„ტყვიები ნიკა მელიამ დაურიგა სპეცრაზმს თუ ნიკა მელიამ ესროლა მომიტინგეებს თავსა და თვალებში და დაასახიჩრა სამუდამოდ,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძე დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება. კახიძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება ყურადღების გადატანას ეხმაურება.

„ტყვიები, რომელიც დიდი ცხოველების შესაკავებლად არის გამიზნული და რომელიც იწვევს, ადამიანების დასახიჩრებას, ეს ტყვიები ნიკა მელიამ დაურიგა სპეცრაზმს თუ ნიკა მელიამ ესროლა მომიტინგეებს თავში და თვალებში და დაასახიჩრა სამუდამოდ. ამიტომ, რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება, საზოგადოების პროტესტს და ყურადღებას ვერ გადაიტანს სხვა მიმართულებაზე. უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვინც დაასახიჩრა ხალხი, თვალები, ვინც ამოუგდო,“ - ამბობს კახიძე.

კახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დევნის.  

„რაც შეეხება, ენმ-ის და ზოგადად, ოპოზიციის მიმდინარე დევნას, 7 წლის მანძილზე, მათ არ ელევათ საქმეები, ხან დაკითხვებზე იბარებენ, ხან ბრალებს უყენებენ, ხან ციხეში სვამენ, ხან ქვეყნიდან აძევებენ, ამიტომ, ახალი მათ ხელწერაში არაფერია. ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იმ მოთხოვნებთან, რასაც საზოგადოება აყენებს, რომ დაისაჯონ პოლიციელები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და გადადგეს პასუხისმგებელი პირი, შს მინისტრი, ამას ვერ გადაფარავენ ნიკა მელიასთვის რაღაც სპექტაკლით და რაღაც ბრალდების წარდგენით,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის თქმით, ხელსიუფლება ორმაგი სტანდარტით თამაშობს და მაგალითად, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ძალადობის შემცველი მოწოდებების მიუხედავად, გამოძიება არ დაუწყია.

„კრიზისი განიმუხტება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ეს არის გახარიას გადადგომა, გამოძიება,“ - ამბობს კახიძე.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო.

ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები