27 ოქტომბერი 2021,   16:46
ვრცლად
"აიღოს პასუხისმგებლობა "- ბესელია შს მინისტრისგან ითხოვს პასუხს, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია შს მინისტრს, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი აცხადებს, რომ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ ვინ გასცა რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება, შს მინისტრმა უნდა გასცეს.

„თუ დღეს ის ისევ მინისტრის პოზიციაზე რჩება, უნდა მოვიდეს და პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, ვინ გასცა ბრძანება, როდესაც გამოყენებული იყო ისეთი საშუალებები, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მომიტინგეებს და აიღოს პასუხისმგებლობა შემდეგ ამაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე, რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი, ისე დავტოვებდი უმრავლესობას,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს ძალიან ბევრი მათგანი პასუხისმგებლობას გაურბის და მომხდარის შედეგის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს.

მისივე თქმით, ის რომ კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილიყო, 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო დატოვებდა მმართველ გუნდს.

„წამოსული რომ არ ვყოფილიყავი ახლა "ქართული ოცნებიდან", ამ ამბების გამოც დავტოვებდი უმრავლესობას. ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, განსაკუთრებით, თანამდებობებს რომ ეპოტინებიან და სულ რომ დაავიწყდათ, ზოგი, რომ ადამიანის უფლებებიდან მოვიდა, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ აღარ გვყავს მაგრამ ეს ყოფილი უფლებადამცველები, ლიბრი რომ გადაეკრათ თვალებზე, ჩემიანი, რომ არის, შეიძლება ასე მოიქცეს და ეს პრინციპია? ეს არ არის ორმაგი სტანდარტი და ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს მორალზე და ზნეობაზე?“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები