27 ოქტომბერი 2021,   17:55
ვრცლად
მოვუწყობთ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს, მივაკითხავთ კაბინეტებში - აქციის ორგანიზატორი

მასშტაბური აქციის მეოთხე დღე - რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები უკვე იკრიბებიან. სიტყვით გამოსვლები პარლამენტის შენობის წინ ერთ საათში უნდა დაიწყოს. მოთხოვნები უცვლელია - ჩატარდეს არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და ადეკვატურად დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას.

„დღეს არის პროტესტის მეოთხე დღე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ თუ სამივე მოთხოვნა არ შესრულდა, ყოველდღე მოვუწყობთ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს და პროტესტის ფორმები იქნება ბევრნაირი. თუ პირველი სამი დღე ეს პროტესტის ფორმა ძირითადად დისლოცირებდა რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, ჩვენ ახლა უფრო ფართო პროტესტის ფორმები გვექნება, ჩვენ მათ კაბინეტებში მივაკითხავთ, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ინსტიტუტში, მათ პიკეტირებას მოვაწყობთ, ცოცხალ ჯაჭვს მოვაწყობთ და ასევე, ადამიანების ჯგუფი აქ, რომელიც პროტესტის უკიდურეს ფორმის მიმართვას აპირებს, მაგალითად, მიშა მშვილდაძე, რომელიც ამ აქციის მოდერატორია, ის აპირებს შიმშილობის დაწყებას. ჩვენ სხვა არჩევანი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გვაქვს. მათ აქვთ არჩევანი, რომ უკან დაიხიონ და საკუთარ ხალხს მოუსმინონ,“ -  ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ნონიაშვილი. 

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები. ის მოქალაქებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ეს არის ზეპარტიული აქცია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების აქცია. აქცია პოლიტიკურია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ  პოლიტიკური მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ არ არის პარტიული. ეს არის ზეპარტიული, სამოქალაქო აქცია,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. 

აქციის დეტალებზე საუბრობს კიდევ ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მოქალაქეებს გაბრაზება მანამ არ გადაუვლით, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

„ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას". მშვიდობიანი პროტესტი გაბრაზებული ადამიანების, რომლებსაც ბრაზი უბრალოდ არ გადაუვლით. არ გადაუვლით მანამ, სანამ არ მიიღებენ პასუხს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად დააწესეს. დღეს არის მეოთხე დღე და რაღაცები შეიცვლება. დაყენდა ეკრანი, ამ ეკრანზე გავა ლაივი მთელი მსვლელობის, პლუს გავა კადრები, როგორ დაარბიეს და როგორ დამიზნებით ესროდნენ ჩვენს ახალგაზრდებს, როგორ დასდევდნენ ქუჩებში და ეზოებიდან და გარაჟებიდან გამოჰყავდათ ახალგაზრდები და 300-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს. სავარაუდოდ, გვექნება მცირე მუსიკალური ნაწილიც,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები