23 იანვარი 2021,   03:06
ვრცლად
გიორგი მშვენიერაძე: სახელმწიფოს უდგას ძალიან მარტივი არჩევანი - ლიბერალური დემოკრატიის დაცვა ან ფაშისტური ხელისუფლება

ლგბტ თემის აქცია და კონტრაქცია - არასამთავრობო სექტორში მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე გუშინ ძალადობა განხორციელდა და სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი უფლებების დაცვა.

მშვენიერაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს არჩევანის გაკეთება უწევს ლიბერალურ დემოკრატიასა და ფაშისტურ მმართველობას შორის.

„რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო ღია და თვალსაჩინო ძალადობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. როცა სახელმწიფო მსგავს ქმედებებზე არ რეაგირებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ინდივიდუალური ადამიანების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობას, ასევე ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ სახელმწიფოს უდგას ძალიან მარტივი არჩევანი - ან ის იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, ან ის ყალიბდება უმრავლესობების ინტერესების დამცველ ხელისუფლებად, რომელსაც სხვა ენაზე ჰქვია ფაშისტური ხელისუფლება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები