23 იანვარი 2021,   03:26
ვრცლად
მარიამ ჯაში: ვასაძე არის აქტიური განსაკუთრებით იმ თემებში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოგრაფიის განვითარების ხელშეწყობას

მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციის პარალელურად კონტრაქციაც იმართებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დეპუტატი მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

„მთავარი არის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც შეზღუდავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე მათი თავისუფალი გამოხატვის უფლებას. ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატვის, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ის ბალანსი, რომელიც არის მოსაძებნი, დიალოგის ფორმატში მოვძებნოთ და გავათავისუფლოთ ეს სივრცე აგრესიისა და დაპირისპირებისგან,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა აქციაზე ლევან ვასაძის მისვლას, რომელიც ლგბტ თემის საწინააღმდეგო მოწოდებებს აკეთებდა.

მარიამ ჯაშმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება ლევან ვასაძის გააქტიურება, აღნიშნა, რომ არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ამას გარდა, დეპუტატმა ვასაძისთვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ჯაშმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი ყოველწლიურად აქტიურდება საზოგადოებრივ საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის დემოგრაფიის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ თემებზე.

„ბატონი ლევანი ყოველწლიურად არის აქტიური სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხში, განსაკუთრებით იმ თემებში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოგრაფიის განვითარების ხელშეწყობას, რელიგიური საკითხები მისთვის ყოველთვის იყო საინტერესო, კონკრეტულად ბოლოდროინდელ გააქტიურებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები