22 იანვარი 2021,   14:10
ვრცლად
დროულად მოახდინონ რეაგირება - ლომჯარია ბესელიას პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროების საქმეზე საუბრობს

მე არ მაქვს წვდომა საქმის მასალებზე და არ მაქვს ინფორმაცია ვისი გვარი ფიგურირებს, - ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე საეჭვო პირთა წრე გამოიკვეთა, სახალხო დამცველი ეხმაურება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის თანადგომას უდასტურებს ყველა იმ პირს, ვისი პირადი ცხოვრების მასალაც გასაჯაროვდა. რაც შეეხება ეკა ბესელიას შემთხვევას, ლომჯარია მოუწოდებს სამართალდამცველებს დროულად გამოიძიონ საქმე და დააყენონ სამართლებრივი შედეგი თუკი მართლაც არსებობს რაიმე ხელჩასაჭიდი.

მისი თქმით, დღემდე არცერთი მსგავსი შინაარსის სისხლის სამართლის დანაშაული გამოძიებული არ არის. 

"ქალბატონ ეკა ბესელიას დღესაც მინდა გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა, მასაც და ნებისმიერ იმ ადამიანსაც ვის მიმართაც გავრცელდა ძალიან ბინძური ფორმებით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები.

"თუმცა, დღემდე ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვინახავს არცერთ საქმეზე დამდგარიყო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების გამო. მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ სამართალდამცველ ორგანოებს, თუკი არსებობს რაიმე ხელმოსაჭიდი ან სამართლებრივი საფუძველი დროულად მოახდინონ რეაგირება,“ -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ განცხადება ბესელიამ დღეს გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ საქმის გამოძიების გონივრული ვადა ამოიწურა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას არ აქვს არანაირი შედეგი.  ბესელია აცხადებს, რომ ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრებს და საეჭვო გარემოებებსა და გვარებს დაასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები