22 იანვარი 2021,   14:51
ვრცლად
საიდან უნდა მოვახერხოთ 5 დღეში ამხელა თანხების გადახდა - ბიზნესმენები ხელისუფლების მიერ, ფარულად მიღებულ რეგულაციას აპროტესტებენ

ფინანსთა მინისტრის ბრძანება და მოულოდნელი რეგულაციები, რომელმაც ბიზნესს შესაძლოა კრიზისი შეუქმნას. 31 მაისს ფარულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ. სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ ორგანიზაციებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ.

კომპანიების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის ფაქტობრივად შოკისმომგვრელია. მათი თქმით, მოულოდნელმა რეგულაციებმა შესაძლოა, ცალკეული კომპანიების დახურვაც გამოიწვიოს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციით ხელისუფლება ბიუჯეტში არსებული პრობლემის გამოსწორებას ცდილობს. 

„ჯერ იმ პროდუქციას ვერ ვყიდით იმ 30 დღეში და საიდან უნდა მოვახერხოთ 5 დღეში ამხელა თანხების გადახდა. საუბარია, ამ შემთხვევაში ერთჯერადი სახით 15 მილიონი ლარის აკუმულირებაზე. საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თანხა, წარმოუდგენელია.

"ბევრმა ექსპერტმაც, რომელმაც გამოთქვა აზრი დაასახელა სწორედ ის, რომ ბიუჯეტში აქვთ პრობლემა, ანუ რეალურად ვერ ხდება ბიუჯეტის შესრულება. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით იმ კუთხით, თუნდაც მაგალითად თამბაქოს აქციზის კუთხით, რომ 400 მილიონ ლარამდე დააკლდება ბიუჯეტს წელს, თუ აქციზმა არ დაიწია,“-ამბობს "ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს" კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტორიძე.

"ჯაპანიზ ინტერნეიშენალ ტობაკოს" კორპორატიული დირექტორი ივა ხასია კი ამბობს, რომ საუბარია გაუთვალისწინებელ მილიონებზე, რისი მოძიებაც ბიზნესმენებს მოუწევს.

ხასიას თქმით, ეს რეგულაცია ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება, რადგან საჭირო თანხების სესხად აღება მოუწევთ.

ბიზნესისთვის დამატებითი პრობლემების შექმნაზე საუბრობს, ”გადასახადის გადამხდელთა კავშირის” ვიცე-პრეზიდენტი გიგლა მიქაუტაძეც. იგი განმარტავს, რომ ფინანსებზე წვდომა მათთვის ისედაც რთულია მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საერთოდ ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო, თანაც ასე მოულოდნელად.

„გაუგებარია, საერთოდ რა არის საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა, რატომ გახდა მისი მიღება ასე სწრაფად აუცილებელი, მოვუწოდებთ მთავრობას შეჩერდეს ეს გადაწყევტილება განვიხილოთ მისი მიზეზები და ვიპოვოთ გამოსავალი.

"საქართველოში ეს პრაქტიკა, როდესაც ერთ დღეში კაბინეტში მიიღება გადაწყვეტილება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან შეუთანხმებლად უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთვევაში ეს მხოლოდ გააუარესებს ბიზნესგარემოს,“-აცხადებს მიქაუტაძე.

მაღაზიების ასოციაციის პრეზიდენტი ლუკა ჭელიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციები მაღაზიების დახურვის ტემპის კიდევ უფრო აჩქარებას გამოიწვევს.

მისი თქმით, მოულოდნელი რეგულაცია ფინანსების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს, ასევე იმპორტიორების მხრიდან მაღაზიებთან კონტრაქტების გადახედვას.

დღის ამბები