22 იანვარი 2021,   14:15
ვრცლად
უნდათ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ - ვოლსკი ოპოზიციის მიერ TBC ბანკზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხმაურება

ოპოზიცია "TBC ბანკის" საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, კომისიამ უნდა დაადგინოს ვინ და რატომ დაიწყო შეტევა „TBC ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ, რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მსხვილ საფინანსო ინსტიტუტზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, ვინ გაუგზავნა მუქარის წერილი მამუკა ხაზარაძეს. ევროპულმა საქართველომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა.

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ეფექტური, ეს ჩვენ დავინახეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ TBC-სთან დაკავშირებით ასევე უნდა დაიწყოს გამოძიება. საუბარია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თავის თანამდებობას და იყო ზეწოლა და არის ჩარევა გარკვეულწილად ბიზნესსაქმიანობაში და ეს სფერო უნდა იყოს გამოძიებული,“-აცხადებს სერგო რატიანი.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპონენტებს დივიდენდების მოსაპოვებლად სჭირდებათ. გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს განავითაროს ხაზი, რომ თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელს ხელისუფლება უშლის.

„ეს არის მთავარი ხაზი, მაგრამ ამ მთავარი ხაზით რეალურად ანაკლიის პორტის იდეას, ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას, რომ უპირისპირდებიან, მათთვის ეს აბსოლუტურად სულერთია. თუკი ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გადაცდომა ჩაიდინა, ეს არ ეხება არც "TBC ბანკს" და არც  ანაკლიის პორტს. ასე რომ, საპარლამენტო კომისიის თემით უნდათ, რომ ვითარება დაამძიმონ და რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ,“-აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები