26 ნოემბერი 2020,   03:20
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდანგარიცხონ. ლატარიას თქმით, ამის შესახებ ის პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს უკვე ესაუბრა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირება. ის დეპუტატს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას იმ ცნობილ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი, მოხდება მსჯელობა ამ საკითხზე და გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან, პარტიის ლიდერები იმსჯელებენ,“ - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნებიდან” ალეკო ახალაძე ამბობს, რომ ის ნანა კოსტავას განცხადებას ემიჯნება, თუმცა აზუსტებს, რომ მას არ რცხვენია კოსტავას თანაგუნდელობის

„მე ვემიჯნები ნანა კოსტავას  იმ გამონათქვამს, მაგრამ ერთმა ისიც კი მითხრა, არ გიტყდებაო ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნაო? არ მიტყდება, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან,“ - ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნებიდან” ალეკო ახალაძე.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

სამოქალაქო აქტივისტები კი აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ, ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატით სარგებლობა გააგრძელოს. 

დღის ამბები