26 ნოემბერი 2020,   01:59
ვრცლად
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა გადაიზრდება გამოძიებაში - მათიკაშვილი ხორავას საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს 

„ეს ძალიან მძიმე ტრაგიკული შემთხვევა ერთგვარი ინდიკატორი გამოდგა იმისა, თუ რა პასუხისმგებლობით მოეკიდა ხელისულება ამ ძალიან მძიმე ფაქტს“ – ასე ეხმაურება დავით მათიკაშვილი ხორავას  ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავებას.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ თუკი საქმის გამოძიების მიმდინარეობის დროს მაღალჩინოსნების შესაძლო ჩართულობის საკითხი გამოიკვეთა და კითხვის ნიშნები გაჩნდა, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

„თუ კი რაიმე სახის კითხვის ნიშანი არსებობს, ყველა ასეთ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს შესაბამის გამოძიებას და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მოკვლევა გადაიზრდება გამოძიებაში,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ კალანდია მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ედება.

გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სამართალდამცველებმა დღეს დილით დიღმის ტრასაზე აიყვანეს. მის მიმართ კი ეჭვები და შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის პირველივე დღესვე გაჩნდა. ეჭვები მოგვიანებით კიდევ უფრო გამყარდა, როცა კალანდიამ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.

თუმცა მის დასაკავებლად სამართალდამცველებს მაინც 18 თვე დასჭირდათ. ბოლო წვეთი სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სარალიძე მოკლეს ჯგუფურად, და ამ ჯგუფური დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე ციხეში არ იჯდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები