06 დეკემბერი 2020,   04:39
ვრცლად
თანამდებობის პირები იტყუებოდნენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - მელიქიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

თანამდებობის პირები ჩვენების მიცემის დროს იტყუებოდნენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ მელიქიშვილი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავებას.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა თანამდებობის პირები იტყუებოდნენ, თუმცა ხელისუფლებას მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, სავარაუდოდ, არ სურს. მელიქიშვილი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას ასახელებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი მას მარნეულში არჩევნების დროს თავის სასარგებლოდ იყენებდა.

„წელიწადნახევრის განმავლობაში კონკრეტული თანამდებობის პირები ჩვენების მიცემის დროს იტყუებოდნენ და რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ დააყენებს თუ არა ხელისუფლება მათი პასუხისმგებლობის საკითხს, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი იოსებ სიგუა, ამ ადამიანს პასუხისმგებლობის საკითხს როგორ დააყენებს, როდესაც მარნეულში ახლა არჩევნებზე, თითქმის, ყველა უბანზე არბენინებდა, თითქმის, გაყალბების ყველა იმ სქემაში ჰყავდა შეყვანილი, რომლითაც ისინი მოქმედებენ. ხელისუფლება მთლიანობაში წარმოადგენს ერთ დიდ ზონდერჯგუფს, ბუნებრივია, კონკრეტული შემსრულებლები სჭირდება, მათ შორის მათზე დამოკიდებული იმიტომ, რომ ჩვენებაშეცვლილ სიგუას რასაც უნდათ, იმას გააკეთებინებენ, ოღონდ ის ციხეში არ აღმოჩნდეს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები