29 ნოემბერი 2020,   21:48
ვრცლად
ძალადობა და იძულებითი აბორტი - 16 წლის მოზარდის მძიმე ბრალდებების შემდეგ, ბოლნისის პოლიციის ყოფილი უფროსი ახალ სკანდალში ეხვევა

ახალი, მძიმე ბრალდება ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის მისამართით. 16 წლის მოზარდის შემდეგ, რომელიც ამბობს, რომ სამართადლამცველები სასტიკად სწორედ ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებით გაუსწორდნენ, თორნიკე ონიანს ძალადობაში ახალგაზრდა ქალი ადანაშაულებს. ონიანის ყოფილი მეგობარი გოგო ამტკიცებს, რომ შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აიძულა ხელოვნურად შეეწყვიტა ორსულობა და ნაყოფი მოეშორებინა. ზესტაფონში მომხდარ სკანდალურ ინციდენტზე გამოძიება ონიანის სამმართველომ დაიწყო და მალევე გამომძიებელი საქმეების თაროზე შემოდო. მაშინ ონიანს ზესტაფონის პოლიციის უფროსის თანამდებობას ეკავა.

ამ ინციდენტის შემდეგ, თორნიკე ონიანი ბოლნისში გადაიყვანეს და პოლიციის უფროსად დანიშნეს. უმძიმესი დანაშაულის გამოძიება კი ზესტაფონში, მისივე მეგობრებს დაევალათ, რომლებმაც იძულებითი აბორტის საქმე ჩაფარცხეს.

თორნიკე ონიანის სახელი და გვარი დაზარალებულმა ქალმა, ბოლნისში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის საქმეში ამოიცნო. უკვე თვეებია რაც 16 წლის ბიჭი და თავისი ადვოკატიც ამტკიცებენ, რომ მოზარდის ცემისა და გაუპატიურების მუქარის დავალება რიგით სამართალდამცველებს, სწორედ სამმართველოს უფროსმა ონიანმა მისცა. ორი მძიმე ბრალდების მიუხედავად მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და მხოლოდ უწყებას ჩამოაშორეს.

ორივე მძიმე დანაშაულზე საქმე აღძრულია. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ არაერთი ჩვენების მიუხედავად თორნიკე ონიანს ისევ მფარველობენ და არავინს სჯის არც არასრულწლოვანი ბიჭის ცემისთვის და არც ნაყოფის იძულებით მოკვლისთვის.

​ 

დღის ამბები