29 ნოემბერი 2020,   21:26
ვრცლად
„მას აქვს მორალური პასუხისმგებლობა სიძულვილით აღსავსე კომენტარისთვის“ - თამარ კინწურაშვილი ნანა კოსტავაზე საუბრობს 

„მას აქვს მორალური პასუხისმგებლობა იმ სიძულვილით აღსავსე კომენტარისთვის, რომელიც ნამდვილად იყო შემზარავი“ - ეს განცხადება, "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ, ნანა კოსტავას შესახებ საუბრისას გააკეთა.

თამარ კინწურაშვილის თქმით, ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების გამო, მმართველმა გუნდმა დისციპლინური ზომები უნდა მიიღოს.

„ცხადია, მას აქვს ლეგიტიმური უფლება დარჩეს საკრებულოში, მაგრამ მას აქვს მორალური პასუხისმგებლობა იმ სიძულვილით აღსავსე კომენტარისთვის, რომელიც ნამდვილად იყო შემზარავი. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველმაც უნდა გააცნობიეროს თუ რასთან აქვს საქმე. მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ გამიჯვნა არ იქნება საკმარისი და მანაც ალბათ უნდა მიიღოს დისციპლინარული ზომები, იმიტომ რომ სანამ ეს ქალბატონი ირიცხება "ქართული ოცნების" რიგებში, ის იქნება მათი სახე და შესაბამისად, პასუხისმგებელი მის ქმედებებზე“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

ნანა კოსტავას მიერ, სიძულვილის შემცველ განცხადებებს აფასებს ფონდ ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორიც. იდა ბახტურიძის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებების გამო, ადამიანები დაკავებულ თანამდებობებს ტოვებდნენ.

„რიგითი ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში, პირად facebook გვერდზე რას გამოაქვეყნებს, ეს არის მისი პირადი საქმე, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო მოხელეზე, რომელიც დაკავებულია სიძულვილის გავრცელებით კონკრეტული მოქალაქეების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. მე მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები იძულებული უნდა ხდებოდნენ ამ ქვეყანაში, რომ ტოვებდნენ თანამდებობებს და მანდატს“ - აცხადებს იდა ბახტურიძე.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვა და სხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

დღის ამბები