07 ივლისი 2020,   00:55
ვრცლად
როგორ ემზადება საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის - ეპიდემიოლოგების პროგნოზები და რეკომენდაციები

საქართველო კოვიდ-19-ს ოქტომბერში საპასუხო სტრატეგიით ხვდება. ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ივნისის ბოლოს გეგმის საბოლოო ვარიანტი გასაჯაროვდება.

რამდენად დიდი და მასშტაბური იქნება სიურპრიზი, ეპიდემიოლოგებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. თუმცა, ამბობენ, რომ საჭიროა სიფრთხილე და თანმიმდევრული ზედამხედველობა სიტუაციაზე. დიდი იქნება თუ არა ვირუსის მეორე ტალღა, ეს ქვეყნების მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც კოვიდ-19-ის მეორე ტალღის საშიშროებაზე საუბრობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ ვირუსის შეკავება ვერ მოხდება, ის დამანგრეველი იქნება.

ვიდრე ვირუსი შემოდგომაზე მსოფლიოს სიურპრიზს უმზადებს, მანამდე, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნებაა. საქართველოში სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა დადასტურებული შემთხვევის პირდაპირი და ირიბი კავშირები მოძიებულია. ბოლო დროს ახალი ინფიცირებული ჯგუფის ე.წ საბურთალოს კლასტერის 100-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და აქედან 20-ზე მეტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტშია. ისევ რთული სიტუაციაა სოფელ მუშევანში, სადაც მოსახლების აქტიური ტესტირება მიმდინარეობს და ბოლო 3 დღეში 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, ბოლო 3 კვირაა სოფელ გეტაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ბოლნისის ინფიცირებული პაციენტების ჯგუფს მიეკუთვნებოდა 76 წლის კაცი, რომელმაც კოვიდ-19 ვერ გადაიტანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ის საქართველოში მე-13 პაციენტი იყო, რომელიც კოვიდ-19 -ით გარდაიცვალა.

დღის ამბები