02 ივნისი 2020,   08:54
ვრცლად
ჩვენთან არსებული ყველა მონაცემები არის სწორი, დამალული არცერთი არაა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 5  ახალი შემთხვევიდან 3 უკვე არსებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 2 საკარანტინო სივრციდან. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, 5 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, თუმცა მას აქვს ინფორმაცია ამ პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ და კრიტიკული არცერთი მათგანი არაა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ჰყავდათ 4 შესაძლო შემთხვევა, თუმცა კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, დღეისთვის კი ერთი შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტია, თუმცა კრიტიკული მდგომარეობა არცერთ მათგანს არ აქვს, მაგრამ მძიმე პნევმონიის გამო კვლავ პროგნოზულად მძიმედ რჩებიან.

ინფიცირებულთა მონაცემებზე საუბრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორს დღეს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რომელმაც საქართველოს კოვიდმონაცემების სისწორეში ეჭვი შეიტანა. მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ იმალება:

"ჩვენთან არსებული ყველა მონაცემები არის სწორი, დამალული არცერთი არაა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები