29 მაისი 2020,   11:44
ვრცლად
ე.წ კანონიერი ქურდების საქმე - ვისთვის იყო განკუთვნილი ათასობით დოლარი, რომელსაც ბიზნესმენს მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით სძალავდნენ

"კურიერმა" გაარკვია, თუ როგორ მფარველობდა ორი კრიმინალური ავტორიტეტი დანაშაულებრივ სქემას და როგორ აორგანიზებდა მას ფარულად ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მინდია გორაძეს, იმავე "ლავასოღლისა" და ვარლამ კუხიანიძის მეტსახელად - "ვატიას" გვარები, გაშიფრული სქემის მხოლოდ იმ ნაწილში ამოიკითხება, სადაც გამოძიებამ დაადგინა - ვისთვის იყო განკუთვნილი ის ათასობით დოლარი, რომელსაც ბიზნესმენს მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორებით სძალავდნენ.

საქმის მასალებიდან, რომელიც მოცულობითია, ირკვევა, რომ კრიმინალური გარჩევები 2019 წლიდან იწყება. ბიზნესმენმა ბადრი ავდოიანმა, ქურდულ სამყაროსთან დაახლოვებული პირების დახმარებით ისესხა 50 ათასი დოლარი. იქვე პირობა დადო, რომ ვალის სრულად გასტუმრებამდე ყოველთვიურად 7500 დოლარს გადაიხდიდა. საქმეში საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი გია ღოღელიანი ღიად მაშინ გამოჩნდა, როცა ავდოიანმა დაპირების შესრულება ვეღარ შეძლო. ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად "ქუთაისკის", უკვე წარედგინა ბრალი დაუსწრებლად. უახლოეს დღეებში კი მასზე ძებნაც გამოცხადდება.

იმისათვის, რომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრებს სასურველი თანხა მიეღოთ, ბიზნესმენი ორჯერ დაატყვევეს. კანდელაკის 33 ნომერი - ეს იმ კონსპირაციული ბინის მისამართია, სადაც ბადრი ავდოიანი საკუთარი შვილის მეგობრებმა მოტყუებით წაიყვანეს. წინასწარ ნაქირავებ ბინაში მას დახვდნენ კრიმინალური ავტორიტეტებისთვის სანდო პირები, რომლებმაც ბიზნესმენზე იძალადეს.

იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები დიდ დიღომში, ერთი-ერთი ბრალადებულის სახლში. ბიზნესმენ ავდოიანს მოუწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა და დაშინებით მოსთხოვეს 7500 დოლარი. ტელეფონით ასაუბრეს ე.წ. კანონიერ ქურდ გიორგი ღოღელიანს, რომელმაც პირადად მოითხოვა თანხა.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ავდოიანს ფული თან არ ჰქონდა, მას სცემეს. ფიზიკური ძალის გამოყენებით არ აძლევდნენ საშუალებას დაეტოვებინა ბინა, ვიდრე მისმა მეუღლემ მოთხოვნილი თანხა ადგილზე არ მიიტანა.

დანაშაულის ყველა დეტალი კონკრეტული მოწმეების ჩვენებების გარდა, გამოძიებამ ფარული მოსმენით გაარკვია. რამდენიმეთვიანმა საგამოძიებო პროცესმა კი, ერთი ინფორმაციით, პოლიცია ერთდროულად სამი მძიმე ამბის კვალზე გაიყვანა.

დღის ამბები