02 ივლისი 2020,   21:49
ვრცლად
მივმართავთ პრეზიდენტს რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება - ზივად კვაჭანტირაძე შეზღუდვების შესახებ ცვლილებების ინიციატივაზე

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ ცვლილებების მიღების შემდეგ, პრეზიდენტს მიმართავენ, კანონს ვეტო დაადოს. აღნიშნული განცხადება ზვიად კვაჭანტირაძემ საგანგებო პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

კვაჭანტირაძის განმარტებით, ინიციატივა არა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, არამედ პრემიერ-მინისტრი უნდა წარმოადგენდეს.

"ეს ნამდვილად არის ისეთი ცვლილება, რომ ამას დღეს აქ ამ დარბაზში უნდა წარმოადგენდეს პრემიერ-მინისტრი და არა კომიტეტის თავმჯდომარე. ამას გარდა არის ათასი პასუხგაუცემელი კითხვა და თუ პრემიერი აქ აპირებს მოსვლას უახლოეს დღეებში, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ პირველი მოსმენით და ყველა ის შეკითხვა დავუსვათ პირდაპირ პრემიერ-მინისტრს და შეიძლება მან უფრო დაგვარწმუნოს იმაში, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია.

მე დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაცები წინასწარაა შეთანხმებული და არ მინდა ამაზე ვიფიქრო, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება. მანამდე მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რომ პირველად, თავისი პრეზიდენტობის მანძილზე, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს საშუალება ამ კანონს, რომ იგი იყოს აღსრულებაში მოყვანილი," - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. ინიციატივის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. წინადადებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.

ოპოზიცია შიშობს, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გარკვეული უფლებები თავის სასარგებლოდ შეზღუდოს.

დღის ამბები