07 ივლისი 2020,   00:52
ვრცლად
"ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით" - ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს

მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს, რის მიხედვითაც, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს, ოპოზიცია ეხმაურება.

მმართველი გუნდის ოპონენტები ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან.

ისინი შიშობენ, რომ დამატებით ძალაუფლებას ხელისუფლება საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენებს.

"ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია, ლოკალურად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, ეს იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის თუ წესრიგის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

მე არ მიმაჩნია სწორად, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს საპარლამენტო კონტროლის გარეშე და პარლამენტის ნებართვის გარეშე, როგორც არ უნდა იყოს ეს. რადგან ასეთ შემთხვევაში არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ შესაძლებელია ხელისუფლებამ ეს გამოიყენოს სხვადასხვა მიზნისთვის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა.

"ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. მთავრობისთვის რამე უფლებების მინიჭება წარმოშობს რისკებს და ყოველთვის შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული, როგორც პოლიტიკური, ასევე - სხვა მიზნებისათვის. დღევანდელი კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ იძლევა საშუალებას, რომ ლოკალურად მოხდეს იზოლირება რომელიმე რაიონისა. ნებისმიერი მანიპულაცია ასეთი მთავრობის ხელში შეიძლება მთავრობის საწინააღმდეგოდაც იქნეს გამოყენებული," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები