07 ივლისი 2020,   01:02
ვრცლად
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.

სანამ ავხსნი ჩემი ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს, მანამდე ყველას გასაგებად უნდა განვმარტო შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ზვიადისა და მერაბის შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, საბედნიეროდ, დღეს დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ. გასაგები რომ იყოს, დავამატებ, რომ პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია," -განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად არ მიუღია.

“არავის, არც მანამდე და არც ახლა, არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ “უნდა-თი” არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემ გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა, არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში,"-განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. სწორედ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ის მეორე პუნქტი, რაზეც ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია.

8 მარტის შემდეგ, რაც ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებით დასრულდა, ოპოზიციისა და "ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან მეორე პუნქტის შესახებ სხვადასხვაგვარი განცხადებები კეთდებოდა.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფდა. 

დღის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი, შესაძლოა პრეზიდენტის შეწყალებაც გამხდარიყო.

მოქმედი კანონმდებლობით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული პირებიდან ორის, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალება, რადგან მათ სასამართლომ სასჯელი უკვე მიუსაჯა. 

დღის ამბები