08 ივლისი 2020,   04:02
ვრცლად
ცხოვრება კორონავირუსთან ერთად - როდის გაქრება ინფექცია, ამის შესახებ საუბარი ინფექციონისტებს უჭირთ

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ამბობს, რომ გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა საფუძველი არ არის, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ყურადღება მოვადუნოთ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსი ჯერ არსად წასულა.

სოციალური დისტანცია და ჰიგიენა - კვლავ მთავარ რეკომენდაციებად რჩება. ამის გარდა, უნდა შეიზღუდოს ტრადიული რიტუალებიც.

როდის გაქრება ინფექცია, ამის შესახებ  მთავარ ინფექციონისტებს საუბარი უჭირთ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ადამიანებს ვირუსთან ცხოვრება მომავალშიც მოუწიოთ. ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ მსოფლიოს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა ექნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით კი, მეორე ტალღას შემოდგომაზე არ ელოდებიან. ამ ეტაპზე, არც სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობაა.

ვაქცინის შექმნამდე, COVID-19-თან თანაცხოვრებაზე საუბრობს იმუნოლოგთა ნაწილი, მათი თქმით, მთავარია სიფრთხილე და იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რაც ახლა ქვეყანაშია.

ვირუსის სრულად დამარცხებამდე ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიც ეტაპობრივად იხსნება. თუმცა, სპეციალისტები მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სტატისტიკა გაუარესდეს.

დღეს საქართველოში სულ 652 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 383, კარანტინის რეჟიმში რჩება 4246, ხოლო სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 394 პირი, ინფექციით სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები