07 ივლისი 2020,   00:27
ვრცლად
სექსუალური ძალადობა, რომელიც ხშირად რეაგირების გარეშე რჩება - ქალთა უფლებადამცველები კანონში შესაბამისი ჩანაწერის ასახვას ელოდებიან  

კახეთის რეგიონში მომხდარი სექსუალური ძალადობა - ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრუწლოვანი გოგონა გაიტაცეს და გააუპატიურეს. როცა საქმე სასამართლომდე მივიდა, მსხვერპლს დაზიანებები აღარ აღენიშნებოდა, შესაბამისად, სექსუალური ძალადობაც ვერ დამტკიცდა და მოძალადე მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით გასამართლდა. ადვოკატი ჰყვება, რომ ხშირად ძალადობის ისეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე რჩება.

სექსუალური ძალადობა დღეს ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე დაფარულ და, შეიძლება ითქვას, დაუსჯელ ფორმად რჩება. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირი, მათ შორის ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორის, გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

სქესობრივი კავშირი თანხმობის გარეშე რომ გაუპატიურებაა, ხოლო ძალადობა მისი დამამძიმებელი ნაწილი, უფლებადამცველები ამაზე უკვე შეთანხმდნენ და ახლა შესაბამისი უწყებებისგან ამის კანონში ასახვას ელოდებიან. სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით კი გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ხარვეზების გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ქალს ხელს უშლის სექსუალური ხასიათის დანაშაულზე ხმამაღლა ალაპარაკდეს და პოლიციას მიმართოს. მით უმეტეს, რომ ასეთ დანაშაულს ხშირად არც მოწმე ჰყავს და არც პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს.

მხოლოდ საკანონმდებლო ჩანაწერის გაჩენა რომ პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს ამის ილუზია არ აქვთ სახალხო დამცველის აპარატში, თუმცა ამბობენ, რომ ჩანაწერი ქალებს დაიცავს. ეკა სხილაძე იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. შესაბამისი ცვლილების განხორციელებას საქართველოს სტამბოლის კონვენცია ავალდებულებს, რომელსაც ქვეყანა 2017 წელს შეუერთდა.  

პარლამენტში კანონპროექტი არ შესულა და შესაბამისად, არც განხილვა იგეგმება. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში ქალების 26%-ზე მეტს ცხოვრების მანძილზე განუცდია რაიმე სახის სექსუალური ძალადობა, ან სექსუალური შევიწროება. 

დღის ამბები