07 ივლისი 2020,   01:15
ვრცლად
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 22 პირიდან ათს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

არ არის გამორიცხული, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო გარიგება გაუფორმონ.  სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

ინფორმაციას, რომ პროკურატურა ბრალდებულებს საპროცესო შეთახნმებას უფორმებს,  ადვოკატებიც ადასტურებენ.    ადვოკატების განმარტებით,  22 ბრალდებულიდან  10 პირს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება. ადვოკატების თქმით, აღნიშნული პირები აღიარებენ დანაშაულს, თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა შემოთავაზებული პირობებით გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ბრალდების მხარე თავდაპირველად ხისტად წინააღმდეგი იყო, რომ საპროცესო შეთანხება გაფორმებულიყო, მაგრამ საქმის სირთულიდან, მოცულობიდან და ვადებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ახლა მაისში რამდენიმე დაკავებულთან იწურება საპატიმრო ვადა და აქედან გამომდინარე, ბრალდებამ ეს შემოთავაზება მიიღო.

ბრალდებამ აიღო ოქროს მოწმე და იქიდან მოხდა შეთანხმება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შემოთავაზებული პირობებით გაფორმდეს საპროცესო შეთანხმდება," - განაცხადა ტანია რაზმაძემ.

პროკურატურის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები სხვა ბრალდებულების ინტერესების დამცველებს აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ პროკურატურამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ პირებს შეღავათი მისცა სწორედ იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყებას დანარჩენი ბრალდებულების წინააღმდეგ არ აქვს მყარი მტკიცებულებები და ამ შეღავათებიდან გამომდინარე, მათგან მიიღებს ჩვენებებს.

"ყველაზე მთავარი კითხვა არის რა პირობით მოაწერენ აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებას ხელს, ანუ ეს ხომ არ იქნება ზუსტად ის პირობა, რომ, ერთი მხრივ, საპროცესო შეთანხმება რაღაცა სახით ჩვენზე ხელის დადებას ნიშნავს, მეორე მხრივ, ხომ არ იქნება ასევე გარიგება, რომ მოვლენ, ჩვენებებს შეცვლიან უკვე ჩვენს სასამართლოზე, ჩვენს საწინააღმდეგოდ," - განაცხადა  ნიკოლოზ წულეისკირმა.

რატომ მიიღო პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები