06 ივლისი 2020,   23:49
ვრცლად
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადაიბარეს.

12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით რ.მ.-ს  კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლადმიყვანილი  ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები