08 ივლისი 2020,   05:32
ვრცლად
ჩვენი როლი არ არის ამ დისკუსიების შინაარსი გავხადოთ საჯარო ან მოვახდინოთ შეთანხმების ინტერპრეტაცია - პოლიტიკური პროცესის ფასილიტატორების განცხადება

8 მარტს, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადებას პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფასილიტატორები ავრცელებენ. ისინი შეთანხმებას ისტორიულ მიღწევას უწოდებენ და წერენ, რომ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო საზოგადოება. 

"8 მარტის შეთანხმება არის საქართველოს პოლიტიკური ძალების ისტორიული მიღწევა, რომელიც მოითხოვდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას საპარლამენტო არჩევნებისთვის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეუსრულებლობის შემდეგ, 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლის შესახებ.

როგორც დიალოგის შუამავლებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას ნდობის გასამყარებლად და მონაწილეებისთვის რთული კომპრომისების გაკეთების საშუალებას.

ჩვენი როლი არ არის ამ დისკუსიების შინაარსი გავხადოთ საჯარო ან მოვახდინოთ შეთანხმების ინტერპრეტაცია.

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. 

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი ამ შეთანხმების წარმატებული განხორციელების მიზნით," - წერია ფასილიტატორების განცხადებაში, რომელიც მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ გაავრცელეს.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ დღეს პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებს მოუწოდა, შეთანხმების დეტალებზე საჯაროდ ისაუბრონ. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ გუნდს, შეთანხმების მიხედვით პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე კიდევ ერთხელ მიუთითეს, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, მსგავსი საკითხი შეთანხმების დოკუმენტში გაწერილი არ არის. 

დღის ამბები