08 ივლისი 2020,   05:35
ვრცლად
სააკაშვილის ახალი სამსახურის გამო საქართველოს ელჩი უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდება - რა ელის ორი ქვეყნის ურთიერთობას

მიხეილ სააკაშვილის ახალი სამსახურის გამო უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ელჩი. თეიმურაზ შარაშენიძე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩარტერულ რეისს ჩამოჰყვება.

მიხეილ სააკაშვილს ახალ სამსახურში მისასვლელად უფრო მოკლე გზის გავლა მოუწევს, ვიდრე ქართველ ელჩს, რომელიც თბილისში სწორედ სააკაშვილის კარიერული წინსვლის გამო გამოიძახეს.

ერთ ქვეყანაში გასამართლებული და მეორეში დაწინაურებული პოლიტიკოსი დიპლომატიური უხერხულობის მიზეზად კიდევ ერთხელ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კიევიც და თბილისიც ორმხრივ ურთიერთობებში რყევებს არ განიხილავენ, ბოლო განცხადებებმა კითხვები უკვე გააჩინა. პრემიერმა დღეს ახსნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ეგოსგან ორმხრივი ურთიერთობების დასაცავად ელჩთან კონსულტაციებია დასაწყები, ხოლო უკრაინაში გაჟღერებული წინადადება, რომ მათ შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა, დასამთავრებელი.

თავდაცვის მინისტრის პროგნოზს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის რეინკარნაციის მორიგი მცდელობაა, რომელიც არც ამჯერად დასრულდება წარმატებით, სააკაშვილის თანაპარტიელები რევანშისტულად აღიქვამენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ ხელისუფლებას ვიწრო ინტერესი ამოძრავებს და არა სახელმწიფოებრივი მიდგომები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომატიურ დემარშს არ მოაწყობდნენ და უკრაინასთან ურთიერთობებს არ დააზიანებდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი თანაპარტიელები კი კიევისგან თბილისის განწყობების იგნორირებას იმ გულგრილობის შედეგად მიიჩნევენ, რაც საქართველომ უკრაინისთვის გარდამტეხ მომენტებში გამოიჩინა.

იმას, რომ სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი უკვე მიადგა, არ უარყოფენ არც მმართველ გუნდში, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს კიდევ ერთხელ ახსნა, რატომაა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა გამორჩეული და რეგიონული მნიშვნელობის. გია ვოლსკი იმ დიპლომატიურ სტანდარტებზე საუბრობს, რითიც ამ შემთხვევაში საქართველომ იხელმძღვანელა.

"ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა", - ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს კიევში ქართულ დიპლომატიას ემსახურებოდნენ. ვალერი ჩეჩელაშვილი 25 წლის სტაჟის კარიერული დიპლომატია და პირველია, ვინც უკრაინაში სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 1994-1998 წლებში. ის ამგვარ პოლიტიკურ ფაზას ორმხრივ ურთიერთობებში ვერ იხსენებს და იმედოვნებს, რომ თბილისში გაჟღერებული დიპლომატიური ქვეტექსტები მეგობრობას კალაპოტს დაუბრუნებს. ურთიერთობებში მოქნილობის სივრცეს ხედავს უკრაინაში ყოფილი დესპანი პაატა გაფრინდაშვილიც, რომელიც ხელისუფლების კატეგორიულობას ნაჩქარევ ნაბიჯად მიიჩნევს.

თბილისში უკრაინის საელჩომ დღეს "კურიერთან" დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დიპლომატიურ სამსახურში მიიჩნევენ, რომ კიევმა მთავარი სათქმელი უკვე თქვა და მას განვრცობა ამ ეტაპზე არ სჭირდება.

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე კი სამშობლოში უახლოესი რეისით გამოფრინდება, კიევში დაბრუნების პერსპექტივით.

დღის ამბები