08 ივლისი 2020,   05:04
ვრცლად
კორონავირუსი და ღვთისმსახურება - საქართველოში რელიგიური გაერთიანებების უმეტესობამ წესები შეცვალა

საქართველოს მასშტაბით ყველა მეჩეთში კოლექტიური ლოცვა შეჩერებულია. გადაწყვეტილება მუსლიმთა სამმართველომ ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიიღო. ისლამის მიხედვით პარასკევისა და ხუთი დროის კოლექტიური ლოცვა იმ შემთხვევაში უნდა შესრულდეს, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კორონავირუსი კი სწორედ ამ ტიპის საფრთხეა.

კათოლიკურმა ეკლესიამ საქართველოში ზიარების წესი შეცვალა. თუ პანდემიამდე პროცესი პურის ბარძიმში ჩაწობით ხდებოდა, ახლა მრევლი ხელისგულზე მხოლოდ პურს იღებს. რისკების შესამცირებლად შეიზღუდა ნაკურთხი წყლის გამოყენებაც. ტაძარში შესვლისას მრევლმა პირჯვარი წყალში ხელის დასველების გარეშე უნდა გადაისახოს. ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში ამბობენ, რომ მრევლი ცვლილებებს გაგებით შეხვდა. ახლა ტაძარში კელაპტარი ანთია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ლოცულობენ.

კორონავირუსის გამო ტაძარი მრევლისათვის დაკეტა ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ. ზიარებას მხოლოდ სასულიერო პირები იღებენ, თუმცა შეცვლილი წესით. თუ პანდემიამდე მრევლი საერთო თასით სვამდა ღვინოს და საერთო ფეშხუმიდან იღებდა დამტვრეულ პურს, ახლა მხოლოდ ღვთისმსახური აწობს პურს ღვინოში და მშრალი მხრიდან მზიარებელს აწვდის. მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე რეკომენდაციების უგულებელყოფა დაუშვებელია.

გამონაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ინფექციონისტების არაერთი მითითების მიუხედავად, ზიარება ისევ ერთი კოვზის გამოყენებით ხდება. პანდემიის ფონზე ეკლესიებში და ეზოებში მხოლოდ ერთმეტრიანი დისტანციის მონიშვნები გაჩნდა, "სიტკბოების" მიღება კი საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით გრძელდება. ეკლესია ერთი ბარძიმიდან ზიარების შეცვლას არ განიხილავს.

საქართველოში რელიგიური გაერთიანებების უმეტესობამ კორონავირუსის გამო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების აღსრულებაზე უარი თქვა, რადგან სქესის, ასაკის და სხვა მახასიათებლებთან ერთად კორონავირუსი არც რელიგიას ცნობს.

დღის ამბები