06 ივლისი 2020,   23:51
ვრცლად
22 მაისიდან გეგმური სტომატოლოგიური სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ პროფილური კაბინეტები

გეგმური სტომატოლოგიური სერვისების მიღება 22 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება. პროფილური კაბინეტები ფუნქციონირებას მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განაახლებენ. კრიტერიუმების ნუსხა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სტომატოლოგიური სერვისების სრული სპექტრის აღდგენისთვის რეგლამენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გარდაუვალი აუცილებლობით ხსნიან პროფესიული ასოციაციები. რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართული დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ მიერ წარდგენილი ახალი მითითებები რეგლამენტში ასახულია. ისინი ინფექციების მართვის გაძლიერებულ კონტროლს COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციით ხსნიან.

ახალი წესდების პირობებში სრული დატვირთვით მუშაობისთვის ემზადება სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი. იქ, სადაც პანდემიის დროს მხოლოდ ურგენტულ პაციენტებს იღებდნენ, ამბობენ, რომ ახალი დირექტივების შესრულებაც არ გაუჭირდებათ. განაცხადის გაკეთებას კი უახლოეს მომავალში გეგმავენ. გაძლიერებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების გამო მომსახურების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

სრული სტომატოლოგიური სერვისების მიწოდებას კლინიკები დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში შეძლებენ. ამისთვის განაცხადი ელექტრონულად უნდა გააკეთონ.

შეძლებს თუ არა სტომატოლოგიური კლინიკა გეგმური მომსახურების აღდგენას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის შედეგად შეაფასებს.

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები