08 ივლისი 2020,   05:15
ვრცლად
ლიეტუველი კონგრესმენის წერილი და საპასუხო გზავნილი თბილისიდან - რა პასუხი მიიღო ევროპარლამენტარმა   

ლიეტუველი ევროპარლამენტარი თავის წერილში წუხს 8 მარტის შეთანხმების გაჭიანურებასა და მოახლოებულ არჩევნებზე, რომლის ლეგიტიმაციაც, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, კითხვის ნიშნებს გააჩენს, თუ შეთანხმება არ შესრულდება. ის წერილში ყურადღებას ოპოზიციონერი ლიდერების საქმეებზე ამახვილებს. 

ბრიუსელში საპასუხო წერილი გაიგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარე გზავნილს ხელშეკრულებას ურთავს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მისი კარგად წაკითხვისკენ მოუწოდებს. სპიკერი აღნიშნავს, რომ წერილის მთავარი სათქმელით შეშფოთდა, მოწოდება კი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

დოკუმენტის ოპოზიციონერი ხელმომწერები და მათი თანაპარტიელები კიდევ უფრო მკაცრ წერილებსაც ელიან და ცალსახად უარს ამბობენ 120/30-ზე საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს. 

დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა პროექტს უპირობოდ ექნება. 

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის 8 მარტის შეთანხმება მკაფიო და ნათელია - მეტი პროპორციულობა არჩევნებში და ნაკლები პოლიტიკოსი ციხეში. ამბობენ, რომ ახლა ტერმინოლოგიის ირგვლივ დავაზე მეტად ხელისუფლებას საარჩევნოდ მკაფიო ნაბიჯების გადადგმა მართებს, რადგან ოქტომბრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 

ხელისუფლებისთვის ანდრიუს კუბილიუსის გზავნილი ერთი ევროდეპუტატის სუბიექტური სათქმელია, რომლის პარტნიორი ქართველი ოპოზიციონერები არიან. "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ სთავაზობს, თბილისს ეწვიონ და სასამართლო საქმეებს პირადად გაეცნონ. 

ლიეტუველი ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს წლებია თვალს ადევნებს და ქვეყანას დემოკრატიული კურსის შენარჩუნებისკენ არაერთხელ მოუწოდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გიგი უგულავას დაკავებას მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა.

დღის ამბები