05 ივლისი 2020,   08:00
ვრცლად
ჯგუფური ძალადობა და საზარელი მკვლელობა - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებას 7 ბრალდებული ჰყავს

გუდაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე თითქმის სამთვიანი გამოძიების შედეგი 7 ბრალდებულია: მერაბ კობიაშვილი, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, რომელიც უკვე დაზარალებულიცაა და დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირი, რომელთაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. მათგან ბრალდებას მხოლოდ ნაწილი ეთანხმება. ნაწილი კი ამბობს, რომ დაპირისპირებაში მხოლოდ მაშინ ჩაერთვნენ, როდესაც თამაზ გორთამაშვილი გარდაიცვალა.

დაპირისპირების ცნობილი კადრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი პირველი გასროლის მომენტია. სხვა რაკურსით გადაღებულ ვიდეო სათვალთვალო კამერაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ჩანან მერაბ კობიაშვილი, გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილი და დავით სეთურიძე. მერაბ კობიაშვილი ჯიბიდან იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და პირველ გასროლას ახორციელებს, ტყვია თავდაპირველად დავით სეთურიძეს ფეხისა და ხელის არეში ხვდება, რის შემდეგაც, კობიაშვილისკენ თამაზ გორთამაშვილი მიემართება, სწორედ ამ დროს მას თავის არეში სასიკვდილო ტყვია ხვდება და ძირს ეცემა. ამ კადრებზე დაყრდნობით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების უფლებადამცველი კობიაშვილის მხრიდან მოგერიების აუცილებლობას გამორიცხავს.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი გუშინ დაუმძიმდა. პროკურატურა მას ახლა 19 წლის მიხეილ უნდილაშვილის ცემის ფაქტსაც ედავება, რომელიც, გამოძიების თქმით, ჯერ კიდევ სასტიკ დაპირისპირებამდე ერთ-ერთ ღამის ბართან მოხდა, რის შემდეგაც უნდილაშვილმა დახმარება უფროსებს სთხოვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ექვსივე ბრალდებულს შურისძიების მოტივი ამოძრავებდა. პროკურატურის გადაწყვეტილებას კობიაშვილის გამართლებად მიიჩნევს მისი უფლებადამცველი, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკავებული თავს იცავდა.

მერაბ კობიაშვილი 6 ბრალდებულის ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე დაზარალებულად ცნეს, თუმცა დაკავებულის მეუღლეს იმედი ჰქონდა, რომ მას ბრალს დამძიმების ნაცვლად შეუმსუბუქებდნენ. ოჯახი ახლა 13 მაისს ჩანიშნული სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც საზარელ მკვლელობას ჰყავს, დავით სეთურიძეა. ვიდეომასალაში ის  გარდაცვლილ თამაზ გორთამაშვილთან ერთად ფიგურირებს. მან მუცლისა და ხელის არეში დაზიანებები თავიდანვე მიიღო, რის შემდეგაც მერაბ კობიაშვილის ცემაში მონაწილეობა აღარ მიუღია. მას გამომძიებლები 12 საათის განმავლობაში კითხავდნენ, დაზარალებულის ოჯახი ახლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.


გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილის ოჯახი, როგორც ადრე, ახლაც სიმართლის დადგენას ელოდება. ნინო გულიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას ენდობა და საქმეში გამოვლენილი დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

დამძიმებული ბრალდებით მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება. რაც შეეხება საქმეში გამოჩენილ ახალ ბრალდებულებს, რომლებსაც ჯერჯერობით გამოძიებამ მხოლოდ ბრალის დადგენილება გააცნო, მათ აღკვეთზე მოსამართლე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები