07 ივლისი 2020,   01:06
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა

სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი აქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაიკლ ჰიგინსის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ მათ ქვეყნებსა და მოსახლეობას შეუქმნა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ კრიზისის დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურება.
 
პრეზიდენტებმა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კრიზისმა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობები არ შეაფერხოს. ირლანდიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
 
პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განვითარების საკითხზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის მაღალი ხარისხის სოლიდარობაა საჭირო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორის გახსნის სტრატეგია საქართველოს უკვე გააჩნია.
 
პრეზიდენტებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.
 
სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

დღის ამბები