08 ივლისი 2020,   05:14
ვრცლად
ოპოზიცია მეტი ზედამხედველობისთვის საპარლამენტო რეჟიმის აღდგენას ითხოვს, უმრავლესობა კი ქვეყანაში პანდემიის პიკურ პერიოდზე საუბრობს

პოლიტიკური პროცესის აღდგენის მოთხოვნით ოპოზიციამ სახელისუფლებო გუნდს მიმართა. 

მანდატების მქონე ოპოზიცია თვლის, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის აუცილებლობა სწორედ ახლა დგას, რათა პანდემია კორუფციის იარაღად არ იქცეს, ხარჯები კი ხელისუფლებამ გამჭვირვალედ გაწიოს.

პანდემიის დროს მხოლოდ დამკვირვებლის როლში ყოფნა არ სურთ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც. "ოცნებიდან" გასულები ყოფილ თანაგუნდელებს ახსენებენ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სწორედ საკანონმდებლო ორგანოს როლი უნდა იყოს ახლა გადამწყვეტი. მათ შორის, მოსახლეობაში გაჩენილი არაერთი კითხვისთვის პასუხის გასაცემად. ნაწილი კონტროლის მექანიზმად ახალი კომისიის შექმნას მოითხოვს.

ოპოზიციის ამ მოთხოვნების ახლა დაყენებას "ქართულ ოცნებაში" აბსურდული უწოდეს, რადგან ქვეყანა პანდემიის პიკს უახლოვდება და ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე აქამდე იყო. კრიტიკამ უმრავლესობა იმითაც გააღიზიანა, რომ იგი ნაწილობრივ მათგან ისმოდა, ვინც საპარლამენტო ცხოვრებაზე ბოიკოტის გამო თვეების მანძილზე უარს ამბობდა.

ჯერ არ კონკრეტდება, როდის აღდგება პოლიტიკური აქტივობა პარლამენტში. 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადა იწურება, რის შემდეგაც პარლამენტს ან მის გასახანგრძლივებლად შეკრება ან სასესიო სხდომების განახლება მოუწევს. მით უმეტეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო სისტემაზე 8 მარტს მიღწეული შეთანხმება აქვს სისრულეში მოსაყვანი, რაც ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება.

დღის ამბები