06 ივლისი 2020,   23:16
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ეკონომიკურ საფრთხეებზე საუბრობს

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ის საფრთხეები გააანალიზა, რომელიც გამოწვეულია რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გამო. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს ძირითადად ტურიზმს, საგარეო ვაჭრობასა და ფულად გზავნილებს უკავშირდება.

განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თქმით, ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ორგანიზაცია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია ზუსტად იცოდეს.

"ახლა ქვეყანა არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში, პანდემიამ გამოწვია ეკონომიკური კრიზისი. როდესაც ჩვენ ამ პანდემიურ პერიოდს გადავლახავთ, ჩვენი ეკონომიკა აუცილებლად გადაეწყობა, გარკვეული რესტრუქტურიზაცია იქნება და ჩვენ მივმართავთ რეკომენდაციებით მთავრობას, რომ ისე უნდა ჩაერიოს ამ გადაწყობის მომენტში და ერევა კიდეც, რომ რუსეთზე უფრო ნაკლებად დამოკიდებული აღმოვჩნდეთ.

იმიტომ, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებიდან, განსაკუთრებით მარტის მონაცემებით, ფაქტობრივად ტურიზმი გაჩერებულია, ექსპორტიც შემცირდა მნიშვნელოვნად რუსეთის მიმართულებით, ფულადი გზავნილებიც შემცირდა და ეს ტენდენცია შეიძლება მერეც შევინარჩუნოთ," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე.

დღის ამბები