08 ივლისი 2020,   04:57
ვრცლად
კორონავირუსი მსოფლიოში - COVID-19-ის 10 ათასამდე ახალი შემთხვევით რუსეთმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებით რუსეთმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ბოლო 24 საათში COVID-19 თითქმის 10 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან რუსეთში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. COVID ინფიცირებულებს შორის პრემიერი მინისტრის შემდეგ - მშენებლობის მინისტრი ვლადიმერ იაკუშევი და მისი მოადგილეა.

რუსეთის მსგავსად მონაცემები იზრდება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში 2 000-ს, აზერბაიჯანში კი 1 800-ს გასცდა. ყველაზე რთული სურათი კი ისევ თურქეთში რჩება, სადაც ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული თითქმის 123 000 შემთხვევაა გამოვლენილი.

თურქეთის მსგავსად ინფიცირების დინამიკა მაღალია შეერთებულ შტატებშიც. თუმცა დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რაოდენობა კლებას დაიწყებს და 100 000-ს არ გასცდება. შეერთებულ შტატებში პანდემიამ პრობლემები არამხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ეკონომიკის სფეროსაც შეუქმნა. ქვეყანაში 30 მილიონზე მეტი უმუშევარი დარჩა. მსგავსი შემთხვევა შტატებს 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ არ ჰქონია.

შტატებისგან განსხვავებით ინფიცირების შემთხვევების დინამიკა კლებულობს ევროპაში, სადაც ქვეყნების უმეტესობა სკოლებში მომდევნო კვირებში სწავლის პროცესს განაახლებს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება. აკრძალვები ეტაპობრივად იხსნება ესპანეთშიც. რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

დიდი ბრიტანეთი კი, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, სწრაფი ტესტირების რეჟიმზეა გადასული. გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, რომ მასობრივი ტესტირების შედეგები სახელმწიფოს შეზღუდვების მოხსნას გაუმარტივებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემია არ დასრულებულა და სახელმწიფოებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ჩინეთში კი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ეპიდაფეთქების ეპიცენტრი იყო, ბოლო 24 საათის განმავლობაში არცერთი გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური ინფორმაციით, ისიც იმპორტირებულია.

დღის ამბები