07 ივლისი 2020,   00:42
ვრცლად
უმუშევრად და სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩენილი გიდების 5 პუნქტიანი მიმართვა ხელისუფლებას

ქეთი ბოტკოველის აქტიური ცხოვრების წესი თითქმის 2 თვეა რადიკალურად შეიცვალა. COVID-19-ის გამო, ტურიზმის სექტორის გაჩერება გიდის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა. შემოსავლის დაკარგვამ გეგემები შეაცვლევინა და ახლა, ახალი რეალობასთან შეგუებას ცდილობს. იქ, სადაც კორონავირუსამდე ტურისტების და გიდების განსაკუთრებული სიმრავლე იყო, ახლა სიცარიელეა.

გიდების უმრავლესობა გასული წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფრენები შეწყვიტა კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა, თუმცა მაშინ იცოდნენ, რომ ზიანს ამ ტურისტულ სეზონზე მაინც აინაზღაურებდნენ. ახლა უფრო დიდ გაურკვევლობაში არიან, რადგან ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყებს ტურისტული სექტორი სრული დატვირთვით მუშაობის განახლებას.

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია მთავრობას 5 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავს. მთავარი მოწოდება კი, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას უკავშირდება, რომელმაც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტურიზმის პროფესიონალების დახმარება-დასაქმების საკითხებზე უნდა იმუშაოს. ითხოვენ ყველა შესაძლო ხელსაყრელი პირობის შექმნას ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სესხების რესტრუქტურიზაციას უკავშირდება. გიდების პრობლემას კი ისიც ამძაფრებს, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, ამ სფეროში დასაქმებულების იდენტიფიკაცია.

ტურიზმის სექტორის დახმარება, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ერთ-ერთი ძირითადია. თუმცა ის, რაც სექტორის გადასარჩენად გაკეთდება, გიდების დახმარებად ვერ ჩაითვლება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ გიდების მხარდასაჭერად სხვა მექანიზმი უნდა მოძებნოს.

საქართველოში მოქმედი გიდების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიას, დაახლოებით, 8 ათასამდე გიდზე ექნება ეკონომიკური გავლენა.

დღის ამბები