06 ივლისი 2020,   23:26
ვრცლად
20 საათიანი მოლაპარაკებები სოფელ მუშევანში 10 ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანით დასრულდა - ბოლნისში მომხდარი ინციდენტის დეტალები

ხმაური და დაპირისპირება სოფელ მუშევანში სასწრაფო დახმარების ექიმების და პოლიციის გამოჩენას მოჰყვა. ადგილობრივების აგრესია სოფლიდან იმ 10 ადამიანის კლინიკაში გადაყვანის მცდელობას მოჰყვა, ვისაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. შეკრებილებმა ექიმებსა და პოლიციას სოფლის ტერიტორია დაატოვებინეს. დაპირისპირების დროს დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერის ავტომობილები.

სოფელ მუშევანში 10 ადამინს COVID-19 გუშინ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, ინფიცირებულები და სოფლის მაცხოვრებელთა ნაწილი კლინიკაში მკურანალობის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. ადგილობრივებს კვლევის შედეგების არ სჯერათ.

ადგილზე შექმნილი დაძაბული ვითარების გამო სოფელში შესვლას სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. დღეს დილიდან კი ადგილობრივებს არწმუნებდნენ, რომ დადასტურებული შემთხვევების გამო ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

20 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ინფიცირებული პაციენტები მედიკოსებმა კლინიკაში გადაყვანაზე დაითანხმეს. ათივე მათგანი მკურნალობას ახლა თბილისში განაგრძობს.

სოფელ მუშევანში მომხდარს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იძიებს. სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები უკვე გამოკითხეს.

დღის ამბები