30 მაისი 2020,   07:30
ვრცლად
პირბადეები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის განუყრელი აქსესუარი გახდა

2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ახალი დიზაინერი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო კოვიდ-19-ია.

ნიღბები არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ ტრენდულიც გახდა. მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტია, ადამიანები ერთმანეთს კრეატიულ იდეებში ეჯიბრებიან.

ცვლილებებზე რეაგირება მოუწევს მაღალი მოდის ნიღბების სამყაროსაც. ახალი აქსესუარი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დარჩება მოდაში, პანდემია კი დიზაინერების მთავარი მუზაა.

დიზაინერმა სამია აზ-ზაკლეჰისმა, ბრჭყვიალა ქვებით მოოჭვილი ნიღაბი შექმნა. აქსესუარი მისივე მაღაზია-სალონში, ამანში იყიდება. ზაგრებში იყო წარმოდგენილი ხორვატი დიზაინერის, ზორან არაგოვიჩის მხიარული ნიღაბი, პოპ-არტის სტილში.

ფეხბურთელები, მოდელები სახელმწიფო ლიდერები - მოდური ნიღბები უკვე მოირგეს მათ, ვისთვისაც სტილი პანდემიის დროსაც აქტუალურია. სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ ახალი მთავრობის ფიცის დადებისას ნიღაბი კაბის ფერს შეუხამა. მთავრობას არც მხედრობა ჩამორჩა და კოლუმბიის პოლიცია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ქუჩაში უნიფორმის შესაფერისი პირბადით გამოჩნდა.

სპეციალურად მისი შეკვეთილი წარწერით შექმნილი ნიღაბი მოირგო გერმანელმა მოდელმა, ფრანცისკამ. ვაშინგტონში პანდას ფორმის ნიღბით შენიშნეს პროდუქტების საყიდლად გამოსული ფეხბურთელი, ალან გორდონი.

დაცარიელებულ ქუჩებში ახლა მოდის ტენდენციებს მაღაზიის ვიტრინები გვკარნახობს. დიზაინერი ფრიდერიკე იორციგი თავის მაღაზია-სალონში მოდური პირბადით უკვე მანეკენს ნიღბავს. 

ისინი კი, ვინც განსაკუთრებულ სამოსს აქამდე წითელ ხალიჩასა და მილიონიანი ტელეშოუების სცენაზე ატარებდნენ, კარანტინის დროს მოდური კაბები ყოველდღიური საქმიანობისას მოირგეს. ბრიტანული "ნიჭიერის" ჟიური, მსახიობი და ტელე-წამყვანი ამანდა ჰოლდენი ნაგვის გადასაყრელად ჯენიფერ კლერის მიერ შექმნილი ვარდისფერი კაბით გამოვიდა. ტენდენციას არც არაცნობადი სახეები ჩამორჩნენ და კოქტეილის, თუ საქორწინო კაბები, საყოფაცხოვრებო საქმიანობისას მოირგეს.

როგორც ამბობენ, ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ მოსაწყენად გეცვას. მაშინაც კი, როცა ამის ლეგიტიმურ მიზეზს საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა გაძლევს.

დღის ამბები