27 მაისი 2020,   15:45
ვრცლად
დაირღვა თუ არა პროტოკოლი სამედიცინო დაწესებულებაში - ქობულეთის სამედიცინო ცენტრი დაიკეტა 

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი დაკეტილია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აღნიშნულ კლინიკაში ბათუმში ინფიცირებული 60 წლის ქალის კონტაქტები, მასთან დაკავშირებული კლასტერის წარმომადგენლები, იმყოფებოდნენ.

ამ წუთებში შენობა მედპერსონალისგან დაცლილია და კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ნიჟარაძის განცხადებით, 60 წლის ქალის კლასტერთან დაკავშირებული პირები, მათ შორის მისი მამა, რომელსაც დღეს დაუდასტურდა ვირუსი, მარტის ბოლოს იმყოფებოდნენ კლინიკაში სხვადასხვა ჩივილებით, ამდენად, მისი განცხადებით, მიმდინარეობს გასული ვიზიტებისა და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მედიკოსების იდენტიფიკაციის პროცესი. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევაც.

სწორედ მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა მედიკოსების შეცდომა და ჰქონდა თუ არა ადგილი სამედიცინო დაწესებულებაში  პროტოკოლის დარღვევას.

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, პაციენტის მიერ იყო რამდენიმე ვიზიტი, დეტალები კი სრულად იქნება ცნობილი მოკვლევის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები