27 მაისი 2020,   16:28
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პიკი - კრიზისულ ფაზაში საქართველო შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს შევიდეს

უახლოვდება, თუ არა საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკს - როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა კრიზისულ ფაზაში ქვეყანა მიმდინარე თვის ბოლოს შევიდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ეპიდემიოლოგებისთვის ყველაზე რთული იქნება სწორედ აპრილისა და მაისის თვეები. ამ პერიოდში ელოდებინ დაინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებასაც

ინფექციონისტები ასახელებენ სავარაუდო რიცხვს, მათი თქმით, მაჩვენებელი შესაძლოა გასცდეს 1000-ს. ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ.

"დაახლოებით ორი კვირის თავზე გვექნება პიკური პერიოდი, ამ დროს გვექნება მაქსიმალური რაოდენობის შემთხვევები ყოველდღიურად, შემდეგ დაიწყებს კლებას და თვენახევრის შემდეგ დაახლოებით გვექნება მინიმალური შემთხვევები სავარაუდოდ . იმედი მაქვს რომ მთლიანი ჯამი 1000-ს არ ასცდება და ყოველდღიური მატება პიკის პერიოდში არ იქნება 50-60-ზე მეტი," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი.

სოციალური დისტანცირების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ინფექციონისტი ვახტანგ კალოიანი:

"დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი გავრცელება დარღვევების გამო საკმაოდ ხშირი მიზეზია მოვლენების დრამატული განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის ზედმიწევნით შესრულება, როგორც მოქალაქეების მხრიდან, ასევე სამედიცინო პერსონალის მხრიდან," - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდეს. გამყრელიძის თქმით, მიმდინარე თვე და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება:

"ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს დაახლოებით 350-დან 400-მდე შემთხვევა. ეს თვე იქნება საკმაოდ რთული. აპრილი და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები