26 მაისი 2020,   07:19
ვრცლად
COVID-19-ით დაინფიცირებული 53 პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს - რამდენიმე მათგანი უახლოეს მომავალში გაეწერება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობა ამ ეტაპამდე დადებითი დინამიკით ვითარდება:

"კლინიკაში ამ ეტაპზე გვყავს 71 პაციენტი, 53 დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენი ელოდება პასუხს.ჩვენ კლინიკაში გუშინ ჩატარდა მედპერსონალის გამოკვლევა PCR მეთოდით, საბედნიეროდ არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა COVID ინფექცია. დღეს ჩვენი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე ეწერება 2 პაციენტი. პაციენტები, რომლებიც  ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე გვაქვს დადებითი დინამიკა, - განაცხადა ლევან რატიანმა, მისი თქმით, კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით დღეს და ხვალ ტესტები გაკეთდება და შესაბამისი პასუხის მიღების შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას 42 წლის პაციენტიც, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლება.

"მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ვენტილაციის საშუალებით," - განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, კლინიკაში მოთავსებული 24 კვირის ორსულთან დაკავშირებით 14 დღე უკვე გავიდა და მისი ანალიზები გადასამოწმებლად იგზავნება, მეორე 8 კვირის ორსულისა და მისი ნაყოფის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პარამეტრებს შეესაბამება. კორონავირუსის სიმპტომები აღარ ვლინდება კლინიკაში მოთავსებულ არასრულწლოვანთანაც.

რატიანის განცხადებით კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 27-ს პნევმონია აღენიშნება, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ ინფექციონისტები და თერაპევტები მკურნალობენ. 

დღის ამბები