26 მაისი 2020,   06:49
ვრცლად
როგორ უნდა გასტერილდეს პირბადე - დეფიციტის გამო გერმანიაში ერთჯერად სამედიცინო ნიღბებს აღარ გადაყრიან

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლაშა გამისონია კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. ლაშა გამისონია ამბობს, რომ გერმანიაში მომდევნო ორი კვირა იქნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ სტატისტიკის შეჯამება მოხდეს.

ქართველი ექიმის თქმით, როგორც ყველგან, გერმანიაშიც დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა, ფატალური შემთხვევების რიცხვი მცირეა. 

"ვცდილობ ვიყო პოზიტიური, მეძინოს კარგად, ვიკვებო სწორად, დავკავდე სპორტით, რომ იმუნური სისტემა მქონდეს მწყობრში. შემდგომ, რა თქმა უნდა, ხელების დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსი დაახლოებით 6-დან 9 დღის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას ზედაპირებზე, განსაკუთრებით რკინაზე უფრო დიდხანს რჩება," - განაცხადა ლაშა გამისონიამ.

ლაშა გამისონია ამბობს, რომ როგორც ბევრ ქვეყანაში, გერმანიაშიც სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია, რის გამოც კლინიკამ შეიმუშავა წესი, რომლის მიხედვითაც პირბადე გამოყენების შემდეგ ხელმეორედ, სპეციალური წესით მუშავდება, რის შემდეგაც იმავე პიროვნებას მისი სამედიცინო ნიღბის ხელმეორედ გამოყენების საშუალება აქვს. 

"ჩვენმა კლინიკამ შემდეგი წესები, რომ პირბადეები, რომელსაც ვიყენებთ, შევინახოთ, არ გადავაგდოთ. როდესაც 8 საათი მაინც ვმუშაობდით პაციენტთან ვაგდებდით ხოლმე, ახლა ახალი დირექტივა გვაქვს, რომ ვინახავთ ამ პირბადეებს, იმიტომ რომ ახალი კვლევის მიხედვით, ეს პირბადეები შეიძლება გაჭირვების შემთხვევაში კიდევ იქნას გამოყენებული. დამუშავება ხდება ავტოკლავის მეთოდით 121 გრადუს ტემპერატურაზე და ისინი ინარჩუნებენ ამ ფუნქციას და შეგვიძლია ასეთი გადამუშავების შემდეგ, იგივე ნიღაბი იგივე პიროვნებამ კიდევ ორჯერ გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ლაშა გამისონია.

მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი მკვლევარი საუბრობს და მათი უმრავლესობა ამბობს, რომ წლის ბოლოს წლის ბოლოს ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.

დღის ამბები