27 მაისი 2020,   10:24
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 36 გამოჯანმრთელებული - ინფექციონისტები საქართველოში კორონავირუსს თვეზე მეტია ებრძვიან

კორონავირუსს საქართველოში მეორე მსხვერპლი ჰყავს. ისიც ასაკოვანი ქალია და ისიც საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. კოვიდ-19-თან ერთად, მას რამდენიმე თანდართული ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 81 წლის პაციენტი კლინიკაში 3 აპრილს შევიდა. შესვლისთანავე მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა. ქალს ვირუსი მისი ოჯახის წევრისგან გადაედო.


81 წლის ქალი, საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. ჰოსპიტალში პაციენტი 1-ელ აპრილს ტემპერატურით შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ქალის მდგომრეობა თავიდანვე მძიმე იყო. კოვიდ-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ კი ის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაამისამართეს.

კრიტიკულია 67 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს. პაციენტი სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრიდან გადაიყვანეს. მძიმეა 42 წლის მამაკაციც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს და ამ დროისთვის კრიტიკული მედიცინის ცენტრშია. ექიმების თქმით, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ. კრიტიკული მედიცინის ცენტრში პაციენტების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. საუნივერსიტეტო კლინიკაში გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვიც. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებას 47 დადასტურებული შემთხვევა აქვს.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება კლინიკების ნაწილში. ამ დროისთვის კოვიდ 19 ის დადასტურებული დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს. ამ სამედიცინო დაწესებულებაში 28 მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც. 50 პაციენტს აკვირდებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აქედან დადასტურებული კოვიდი მხოლოდ ერთს აქვს.

26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19-ის 170 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 36, გარდაცვლილია 2.

ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო ექიმები რეკომენდაციების შესრულების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირებაა.

დღის ამბები