31 მაისი 2020,   21:47
ვრცლად
​კორონავირუსთან ბრძოლის 36-ე დღე საქართველოში - რეგიონებში საშიში ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის გამკაცრებული ზომები მოქმედებს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვემო ქართლში უსაფრთხოების ზომები ისევ გამკაცრებულია. გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მანქანებისა და მოქალაქეების გაშვება გაძლიერებული კონტროლის ქვეშ ხორციელდება. კონტროლია რუსთავში, სადაც დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

150 000-ზე მეტ ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტილ რაიონებში. მოსახლეობის შემოწმების მეორე ეტაპი მარნეულში 6 აპრილს, ბოლნისში კი - 10 აპრილს დაიწყება. პარალელურად, მოსახლეობის სურსათით მომარაგება მიმდინარეობს სოფელ ქვემო ბოლნისში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო გუშინ ჩაიკეტა.

სამეგრელოში კომენდანტის საათის დარღვევის გამო რამდენიმე ათეული მოქალაქე დააჯარიმეს. პარალელურად, მკაცრი კონტროლია ზუგდიდის რაიონში მოწყობილ 7 გამშვებ პუნქტზე. მოქალაქეთა გადაადგილებას პოლიციასთან ერთად მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროები პატრულირებენ. ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა პირს პირველადი თერმოსკრინინგი უტარდება.

მკაცრი კონტროლია ფოთშიც. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოებზე ყველა შემსვლელ ავტომობილს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ.

მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ მოქალაქეებს ბათუმის შესასვლელშიც. ქალაქში შემსვლელი ყველა პირი თერმოსკრინინგს გადის. მოწმდება გადაადგილების დროს მგზავრთა გადაყვანაზე დადგენილი ნორმები. აჭარაში სულ 3 საგუშაგო ფუნქციონირებს. ბათუმის შესასვლელში, სარფსა და ხელვაჩაურში. ბლოკ-პოსტებზე მოქალაქეთა მონიტორინგს საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

საყოველთაო კარანტინისა და მკაცრი შეზღუდვების პირობებში ოზურგეთის ქუჩებში კვლავ ხალხმრავლობაა. მოქალაქეები ბანკების, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების წინ ჯგუფებად დგანან. ადგილობრივები გარეთ ძირითადად სურსათის და მედიკამენტების შესაძენად გამოდიან. განსაკუთრებული თავშეყრის ადგილად რეგიონში  კვლავ ოზურგეთის აგრარული ბაზარი რჩება.

მოქალაქეების შემოწმება გრძელდება ქუთაისის შესასვლელებთან მოწყობილ ბლოკ-პოსტებზეც. სპეციალურად მოწყობილ პუნქტებში მგზავრებს, სხვა რეგიონების მსგავსად, თერმოსკრინინგს უტარებენ. ქუთაისში ქალაქის მასშტაბით 18 საგანგებო პოსტია მოწყობილი. სამართალდამცავი უწყებები ადგილზე ავტომობილებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხეში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. ახალციხე - თბილისისა და ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზებზე დგას საველე კარვები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ქვის ბორდიურები. აქ სამხედრო და საპოლიციო ძალები ყველა მგზავრს ამოწმებენ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში შექმნილ ვითარებას აჯამებს. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამკაცრებული წესების დარღვევისთვის რეგიონში 30 პირი დაჯარიმდა.

თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები აკონტროლებენ. საგუშაგოზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი. ადგილზე სამედიცინო სამხედრო პერსონალი მოქალაქეების პირველად თერმოსკრინინგს ახორციელებს.

საქართველოს რეგიონებში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო პირთა გადაადგილების კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობის თერმოსკრინინგის პარალელურად, საქართველოს ყველა ქალაქში ცხელების ცენტრები გაიხსნა, სადაც კორონავირუსზე მოქალაქეებს პირველადი გამოკვლევა ჩაუტარდებათ. COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში კი, პაციენტებს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დღის ამბები