08 აპრილი 2020,   17:23
ვრცლად
დარწმუნებული ვარ ენმ-ის უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცველებს რეაგირება ექნებათ - ზუგდიდის მერი

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ამბობს, რომ დღეს ენმ-ს მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების მხრიდან პირბადეების დარიგებამ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. მერმა მათ აქტივობას უპასუხისმგებლო და ყოვლად დაუშვებელი საქციელი უწოდა. 

"მაშინ, როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით, ხელს უწყობენ ამ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია,"- აღნიშნა შენგელიამ. 

მისივე თქმით, მერიის სამსახურები და სამართალდამცველები მოქალაქეების დისტანცირებას ცდილობდნენ, თუმცა მათი სიმრავლის გამო ეს ვერ მოხერხდა. 

"მე დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება და გამოჩნდება შემდგომში დამოკიდებულება ამ უპასუხისმგებლო ფაქტის მიმართ,"-  განაცხადა მერმა და პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი, როგორც თავად ამბობს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, მოქალქეებს კი მიმართა, რომ დარჩნენ სახლში საგანგებო ვითარების გათვალისწინებით.

დღის ამბები