27 მაისი 2020,   15:32
ვრცლად
მკვლელობა ჭოპორტში - ადგილობრივებს ვერსიებთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ

ჭოპორტში მომხდარ მკვლელობის ვერსიებთან დაკავშირებით მეზობლებს საუბარი უჭირთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები არ იყო, თუმცა ზოგიერთი მეზობლის თქმით, მამაკაცი ოჯახში ხშირად ჩხუბობდა.

დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. სოფელ ჭოპორტში 40 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ლაშა ქიმბარაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები საკუთარი ოჯახის ორ წევრს მიაყენა. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, საქმეში ფიგურირებს დანაც. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირის დედა ადგილზე დაიღუპა, ხოლო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებულებები უკვე ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები